ნინოწმინდის პანსიონში, რომელიც საპატრიარქოს ექვემდებარება და სადაც ომბუდსმენს არ უშვებენ, პრორუსული მედია ალტ ინფო შეუშვეს.
სახალხო დამცველი წლებია ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.
ალტ ინფომ, რომელიც პრორუსული და ანტიდასავლური, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული რიტორიკით გამოირჩევა, სიუჟეტი პანსიონიდან 10 მაისს გამოაქვეყნა. ალტ ინფო ბავშვებს ეკითხება, როგორ იკვებებიან და რას თამაშობენ. ჩანს ბავშვების მიერ შესრულებული ცეკვა და სიმღერაც.
ალტ ინფოს ასევე ჩაწერილი აქვს ინტერვიუ ერთ-ერთ აღმზრდელთან, ქეთევან ჩხარტიშვილთან, რომელიც პანსიონში არსებულ ვითარებას დადებითად აღწერს. პედაგოგი ამბობს, რომ ის თანამშრომლობს სოციალურ სააგენტოსთანაც.
"ამოწმებენ, მოდიან. ყოველდღე მირეკავს სოც.მუშაკი, გვეკითხება, რამე პრობლემა ხომ არ გვაქვს და რამე ხომ არ გვჭირდება. ჯერ ასეთი შემთხვევა არ გვქონია, მაგრამ მაინც. ისედაც მოდიან". - ამბობს ის.
პედაგოგი ასევე ამბობს, რომ "ბავშვები გარეთაც გაყავთ, მაღაზიებში, დადიან საჯარო სკოლაში".
მან უარყო მოსწავლეების დასჯა. "სად დაინახეს, რომ ბავშვებს ვსჯით, ვაწამებთ და მშივრები არიან". - ამბობს ქეთევან ჩხარტიშვილი.
ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. ეს გადაწყვეტილება სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო და ომბუდსმენს შეურაცხყოფაც მიაყენა.
პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე უმცროსი - 5 წლის.
ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები იყვნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, თუმცა იქ პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ.
ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.
თუმცა, სახელმწიფოს ეს მოვალეობა არ შეუსრულებია.
„სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება", - ნათქვამია გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია PHR-სთვის მიწერილ შეტყობინებაში.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აცხადებს, რომ გაერო მსგავს ბერკეტს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იყენებს.
1-ლ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უცნობია ბავშვების მდგომარეობა მაშინ, როცა სახალხო დამცველის ბოლო მონიტორინგზე დაყრდნობით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები არიან.
"ვინაიდან დიდი დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხოებას და სათანადო ზრუნვას, 1 ივნისს (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე), 18:00 სთ-ზე მთავრობის კანცელარიის წინ ვმართავთ საპროეტსო აქციას და საქართველოს მთავრობისაგან მოვითხოვთ:
- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა;
- დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში". - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.