ექს პრემიერი გიორგი გახარია დღეს კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს.
თავისი პარტიის "საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე მან თქვა, რომ ამ პრობლემის "მოგვარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ".
"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლა, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს სახელმწიფოსთვის. აქ ჩვენ არ მივუთითებთ კონკრეტულ მაგალითებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობაც შეიძლება გვქონდეს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენნაირი ღარიბი, გარდამავალი ეკონომიკის ამოცანაა ყოველდღიური ბრძოლა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რამხელა რისკებში შედის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუსტი ინსტიტუტები, სადაც არსებობს ნეპოტიზმის და კორუფციის რისკი". - თქვა გიორგი გახარიამ.
ერთი წლის წინ, 2020 წლის 27 მაისს, როცა პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა, გახარიამ კორუფციის არსებობა უარყო. პარლამენტში გახარიას ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ორმაგ სტანდარტებს და კორუფციას იმ კომპანიების შერჩევისას, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის უფლება მიეცათ.
"რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ". - თქვა გახარიამ.
რამდენიმე დღის შემდეგ, 2020 წლის 5 ივნისს, გახარიამ მისი ამ განცხადების ახსნისას თქვა, რომ საშვის დაშვებას გულისხმობდა.