ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვერც დოკუმენტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთვება და ვერც - პრივილეგიებით ისარგებლებს, რომელსაც ოპოზიციას შეთანხმება ანიჭებს.
დოკუმენტის ფარგლებში, პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფები სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე. რაც შეეხება "პრივილეგიებს", რომელზეც კობახიძე საუბრობს - დოკუმენტის მიხედვით, 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ოპოზიციონერმა დეპუტატმა უნდა დაიკავოს.
როგორც კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა, ის დარწმუნებულია, რომ პარტია უკან დაიხევს და დოკუმენტს ხელს მოაწერს.
"თუ ნაციონალური მოძრაობა მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნებდა. გარდა ამისა, თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს", - თქვა კობახიძემ.
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. მათი თქმით, პუნქტი, რომელიც 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.