logo
ENG



ნოვავაქსი, ფაიზერი, ჯონსონი & ჯონსონი - NCDC ვაქცინის ახალ დოზებს მესამე კვარტალში ელოდება

02 ივნ 202116:39
3 წუთის საკითხავი
 
ნოვავაქსი, ფაიზერი, ჯონსონი & ჯონსონი - NCDC ვაქცინის ახალ დოზებს მესამე კვარტალში ელოდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მესამე კვარტალში ფაიზერის, ნოვავაქსისა და ჯონსონი & ჯონსონის ათასობით დოზას ელოდება. ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, მანამდე, ივნისის ბოლოს ჩინური სინოფარმის ახალ დოზებსაც მიიღებს საქართველო. 

"ივნისის ბოლოს ივლისის პირველ კვირაში დაახლოებით ნახევარ მილიონ სინოფარმს მიიღებს ქვეყანა.

მესამე კვარტალში განსაზღვრულია ფაიზერის მილიონი დოზის მიღება და ასევე, დაახლოებით, მესამე კვარტალში კოვაქსმაც დაადასტურა 700 ათასი ნოვავაქსის მოწოდება.

ასევე, დაადასტურეს დაახლოებით, 130 ათასამდე დოზა ჯონსონ & ჯონსონის მოწოდება. მესამე კვარტალში გვექნება დიდი რაოდენობა მარაგები ვაქცინების", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, მესამე კვარტალში ქვეყანა ემზადება, დღეში 15 ათასამდე ადამიანი აცრას, წლის ბოლოს კი  1 700 000 მოზრდილი უნდა აიცრას ორჯერადად.

"დღეს 130-მდე დაწესებულებაა ჩართული აცრებში, მაგრამ ეს კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს", - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში ორჯერადად აცრილია 33 718 ადამიანი, ერთჯერადად კი 115 473 ადამიანი. 

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო. 

3 აპრილს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა, შემდეგ კი შემოვიდა სინოვაკის ვაქცინაც, რომელსაც ჯერჯერობით არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. 

ამ ეტაპზე მხოლოდ სინოკავის პირველ დოზაზე რეგისტრაციაა შესაძლებელი. თბილისში ყველა ადგილი დაჯავშნილია. აცრა შესაძლებელია რეგიონებში. 

 


close დახურვა