logo
ENG



"დროა" პროკურატურისგან მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება შუქრუთის პროტესტის შესაძლო შანტაჟზე

02 ივნ 202121:10
3 წუთის საკითხავი
 
"დროა" პროკურატურისგან მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება შუქრუთის პროტესტის შესაძლო შანტაჟზე

მოძრაობა დროა საქართველოს პროკურატურისგან მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება ფარული ჩანაწერებით შანტაჟის შესაძლო ფაქტზე.

საქართველოს მთავრობას კი მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოქმედება, რათა პროტესტს არ შეეწიროს ადამიანების ჯანმრთელობა.

დროა შუქრუთელების პროტესტის ერთ-ერთი მოშიმშილე მონაწილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრნენ. 

"ბოლო პერიოდში ყოველგვარ კრიტიკას სცდება სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების და მათი გასაჭირის სრული უგულებელყოფა. სახელმწიფო ინსტიტუტები სრულიად დისფუნქციურია. ხელისუფლება საკუთარი უმოქმედობით და უფრო ხშირად, დანაშაულებრივი ქმედებებით ნაბიჯ-ნაბიჯ ამყარებს და ახალისებს მისთვის პოლიტიკურად არასასურველ ჯგუფებთან ბრძოლის მახინჯ პრაქტიკებს.

შუქრუთელების საპროტესტო აქციის მონაწილე, ვერა კუპატაძე ამბობს, რომ უცნობი პირი ოჯახის წევრის ინტიმური კადრების გავრცელებით დაემუქრა. მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მას დაურეკეს და პროტესტისათვის თავის დანებება მოსთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ვერა კუპატაძემ მიმართა პოლიციას და წარუდგინა მტკიცებულებები, ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე არ აღძრულა.

მალე ერთი თვე გახდება, რაც სოფელი შუქრუთის მაცხოვრებლებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს, პირი ამოიკერეს და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” კომპენსაციას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ კომპანიის მიერ 2 წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მათი სახლები დაიბზარა, დაინგრა, სოფელში მიწები კი დაიმეწყრა.

ხელისუფლების და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან წარმოუდგენელი უყურადღებობის შემდეგ, შუქრუთელები თბილისში ჩამოვიდნენ და ამერიკის საელჩოს წინ აგრძელებენ პროტესტს.

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” მოვითხოვთ:

საქართველოს მთავარი პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება ფარული ჩანაწერებით შანტაჟის შესაძლო ფაქტზე.

საქართველოს მთავრობისგან, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოქმედება, რათა პროტესტს არ შეეწიროს ადამიანების ჯანმრთელობა". - აცხადებს მოძრაობა. 

შუქრუთელების აქციის ერთ-ერთი მოშიმშილე მონაწილე, ვერა კუპატაძე აცხადებს, რომ ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრნენ, თუ პროტესტს არ შეწყვეტდა.

ვერა კუპატაძე რამდენიმე დღეა პირამოკერილი აპროტესტებს იმას, რომ ჯორჯიან მანგანეზმა კერძო საკუთრება დაუზიანა. იგი ყვება, რომ უცნობმა პირმა შიმშილობის დაწყებიდან მეორე დღეს დაურეკა. 

"არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ, სატელეფონო საუბარი მას შემდეგ განხორციელდა, რაც პირი ამოვიკერე. ზუსტად მეორე დღეს მემუქრებოდნენ პირადი, ბილწი რაღაცებით. მეუბნებოდნენ, რომ სიცრუეში დგახარ, ტყუილში დგახარ.

ნუ დგახარ მანდ მე შენი შვილის მეგობარი ვარ, შენთვის კარგი მინდა, ვიცი, რომ მზადდება დოკუმენტაცია შენი ოჯახის წევრზეო, გასაჯაროვდებაო და არ მინდა ასეთ ტალახში გაისვაროს შენი ოჯახიო", - ამბობს აქციის მონაწილე. 

მისივე თქმით, ზარის შესახებ მაშინვე აცნობა პოლიციას, მოითხოვა გაეგო, ვის ეკუთვნოდა ტელეფონის ნომერი, თუმცა როგორც ამბობს, ამაზე პასუხი ვერ მიიღო.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 108 დღეა, ყურადღებასა და საკუთრების უფლების დაცვას ითხოვენ.

აქციაში მონაწილე შუქრუთელების ნაწილმა პირი ამოიკერა და ამ გზით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას. მოშიმშილეთაგან 5 კაცია, 3 კი ქალი.

მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრევა, ან უკვე დაინგრა. 

30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ელჩ კელი დეგნანს მიმართავენ, დაეხმაროს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ხმის მიწვდენაში.

თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალი და აუნაზღაუროს მოსახლეობას შესაბამისი თანხით.


close დახურვა