logo
ENG



დავითულიანი: სოცმუშაკები რჩებიან პანსიონში, ჩვენ, ბავშვები, ადმინისტრაცია ვიქნებით მშვიდად

05 ივნ 202115:00
3 წუთის საკითხავი
 

ნინოწმინდის პანსიონში ქართული ოცნების წევრების, სოციალური მუშაკების და სასულიერო პირების შეხვედრა დასრულდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზრუნვის სააგენტოს პროფესიული განვითარების უფროსმა, ელენე მარტაშვილმა თქვა, რომ სოციალური მუშაკები პანსიონში დარჩებიან იქამდე, სანამ თითოეული ბავშვის საჭიროება ინდივიდუალურად არ შეფასდება. მისი თქმით, ერთობლივი სამოქმედო გეგმა სწორედ ამ შეფასების შემდეგ შემუშავდება. 

"ჩვენ ვართ ადგილზე, ვაფასებთ ყველა ბავშვის საჭიროებას ინდივიდუალურად. ამ ეტაპზე რამე დასკვნის გაკეთების ან კონკრეტული აზრის თქმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეუძლებელია. ვრჩებით ადგილზე. გვეძლევა საშუალება, რომ თითოეულ არასრულწლოვანთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ. 

დღის და ღამის განმავლობაში სოც მუშაკები და სხვა დამხმარე სპეციალისტები არიან ადგილზე. შედგება თითოეული ბავშვის შეფასება და შემდეგ დაიგეგმება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რაც მნიშვნელოვანი იქნება მათი განვითარებისთვის და უფლებების დაცვისთვის". - თქვა ელენე მარტაშვილმა

იგივე გაიმეორა ქართული ოცნების წევრმა, ბექა დავითულიანმა. მისივე თქმით, სოციალური მუშაკების პანსიონში შესვლა და დარჩენა ნიშნავს, რომ "თვითონაც, ბავშვებიც და ადმინისტრაციაც მშვიდად იქნებიან".  

"ჩვენი პირველი რანგის ამოცანაა, რომ საზოგადოება და ჩვენც ყველანი ერთად დავრწმუნდეთ, რომ ბავშვები არიან სრულად დაცულები, მათი უფლებები არის უზრუნველყოფილი. სოცმუშაკების წარმომადგენლობითი ჯგუფის აქ შემოსვლით და საჭირო დროის მანძილზე აქ დარჩენით ეს არის უზრუნველყოფილი. სოცმუშაკები აქ იქნებიან დღისით და ღამით, მოამზადებენ შესაბამის დასკვნას, რომლის მიხედვითაც მიიღება გადაწყვეტილებები. 

მნიშვნელოვნია, რომ ბავშვებს შიგნით მოეხსნებათ სტრესული გარემო. სოციალური მუშაკების შიგნით მუშაობა ამ გარემოებას ჩააცხრობს. ჩვენც ვიქნებით მშვიდად, ბავშვებიც იქნებიან მშვიდად, ადმინისტრაციაც იქნება მშვიდად, როცა ეცოდინებათ, რომ შიგნით არიან კვალიფიციური სპეციალისტები და ბავშვების აღზრდას დააკვირდებიან. დანარჩენი არის შემდეგი ეტაპის გადაწყვეტილება და ეს შემდეგი ეტაპები ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარდება". - თქვა მან. 

ომბუდსმენის წარმომადგენლებს პანსიონში, მთავარეპისკოპოს სპირიდონის გადაწყვეტილებით, კვლავ არ უშვებენ. 

დღეს, 5 ივნისს, ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები და ქართული ოცნების დეპუტატები შევიდნენ. მმართველი გუნდის წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, "დღეს უნდა დაესვათ ერთად სოცმუშაკები, პერსონალი, მეუფე სპირიდონი და ბავშვები". 

გუშინ, 4 ივნისს, რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველ გუნდს არ უნდა საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება. ნინოწმინდის პანსიონში არსებული რთული ვითარების შესახებ "რბილი" განცხადებები მან საკითხის სენსიტიურობით ახსნა, მათ შორის, ეკლესიის როლის გამო.  

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის 4 ივნისს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, გამოიყვანონ ყველა ბავშვი ნინოწმინდის პანსიონიდან. 

მათ სასამართლოს წარუდგინეს სხალთელი მთავრეპისკოპოსის, სპირიდონის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ის ბავშვებთან ერთად მაგიდასთან ზის და მათ შეკითხვებს უსვამს: სურთ თუ არა, რომ ისინი სოციალურმა მუშაკმა პანსიონატიდან წაიყვანონ. ბავშვები მას ტირილით პასუხობენ და დათრგუნულები არიან. 

ეპისკოპოსმა ვიდეო ფეისბუქზე პირდაპირი ტრანსლაციით გაუშვა. შესაძლებელი იყო ბავშვების იდენტიფიცირება. 

იურისტების შეფასებით, ეს ადასტურებს, რომ ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. 

PHR-მა შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტსაც მოსთხოვა შემაკავებელი ორდერის გამოწერა პანსიონის დირექტორის მიმართ. უწყებამ ამისთვის ორგანიზაციას რომელიმე ბავშვის მინდობილობა მოსთხოვა

ამ დრომდე ნინოწმინდის პანსიონიდან, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, გაიყვანეს 6 ბავშვი. გადაყვანას ითხოვს კიდევ 10 აღსაზრდელი. 

პანსიონში, სახალხო დამცველის ინფორმაციით, 57 ბავშვი ცხოვრობდა. თუმცა, მთავარეპისკოპოს სპირიდონის თქმით, მათი რაოდენობა 150-მდეა. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები დასჯის სასტიკ მეთოდებზე ლაპარაკობენ. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. 

3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც ყვება, რომ პანსიონში ბავშვებს "რეიკებით და სახაზავებით სცემდნენ". მისივე თქმით, აქ "7 წლის ბავშვი ცემით შემოაკვდათ, გადააფარეს რაღაც და წაიყვანეს". 

ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეპისკოპოსმა სპირიდონმა ომბუდსმენის წარმომადგენლების პანსიონში შეშვებაზე უარი განაცხადა. პანსიონში შესვლის საშუალება მას ამ დრომდე არ აქვს. 


close დახურვა