logo
ENG



კობახიძე: გაცხადდა, რომ გახარია არ არის არც ოცნების და არც ივანიშვილის პროექტი

08 ივნ 202112:14
3 წუთის საკითხავი
clock 1589

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იზიარებს პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ "გუნდს და სახელმწიფოს უღალატა".

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ივანიშვილის განცხადების შემდეგ ნათელი გახდა, რომ გახარია არა მმართველი გუნდის, არამედ "სხვა ვინმეს ან რამის პროექტია".

"გაცხადდა ამ ყველაფრით, რომ გახარია არ არის არც ოცნების პროექტი, არც ივანიშვილის პროექტი და ამით მგონი გაცხადდა ისიც, რომ გახარია არის სხვა ვინმეს ან სხვა რამის პროექტი.

რაც შეეხება შეფასებას - ღალატი, მოღალატე, ეს საუკეთესოდ ასახავს მგონი იმ ყველაფერს, რაც მოხდა ამ წლის თებერვალში. ეს ყველაფერი საუკეთესოდ ასახავს იმას, თუ რა ნაბიჯები გადადგა გახარიამ. ეს იყო რა თქმა უნდა გუნდის ღალატი და უფრო მეტიც, როგორც ეს ითქვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშიც, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ეს შეიძლება პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება გახარიას პარტიის წევრების მოთხოვნას კობახიძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ გამოძიებას კითხვები ექნება, პასუხს გასცემს.

"გამოძიება არის სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. თუ რაიმე კითხვა იქნება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკიდან წასულმა ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 7 ივნისს ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არაა. მან ყოფილ პრემიერს მოღალატე უწოდა და თქვა, რომ იმედი გაუცრუვდა.

ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარია მოკლე განცხადებით გამოეხმაურა:

"მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო... სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!". - დაწერ გიორგი გახარიამ Facebook-ზე.

 

close დახურვა