logo
ENG



კობახიძე მელიაზე: ვერ უშველა ვერც შინაურმა, ვერც - გარეულმა, ვერც გვარამიამ, ვერც გახარიამ

09 ივნ 202118:37
3 წუთის საკითხავი
clock 2021
კობახიძე მელიაზე: ვერ უშველა ვერც შინაურმა, ვერც - გარეულმა, ვერც გვარამიამ, ვერც გახარიამ
ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტში ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატების გამოსვლები სწორედ ენმ-ის თავმჯდომარის კრიტიკას მიეძღვნა. 

მათ შორის იყო ირაკლი კობახიძეც, რომელმაც მელია რამდენჯერმე მოიხსენია კრიმინალად, რომელმაც, მისი თქმით, "უმრავლესობის წევრებს თითი უქნია და ეს ადგილი მოსათმენი არ იყო". 

"შეგახსენებთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს კაცობის არავითარი ნიშანწყალი და სწორედ ამას უკავშირდება, მათ შორის, ის დანაშაულები, რომელიც მისი მხრიდან არის ჩადენილი და ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც ჩვენ დღეს ვისმენდით.

ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხსნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი. 

ასეთი პოლიტიკოსების და პარტიების მომავალი ქართულ დემოკრატიული სისტემაში არ არის და ვერ იქნება. საზოგადოება ყველაფერს გასცემს სათანადო პასუხს.

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ. ყველას გახსოვთ ნიკანორ მელიას ეს ცნობილი ფრაზა. ყველას ისიც ძალიან კარგად გახსოვთ, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველეს ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ, ვერც ერთმა და ვერც მეორემ". - თქვა კობახიძემ. 

თავისი სიტყვით გამოსვლით დროს მან მოიყვანა ოპოზიციონერთა ციტატებიც, როცა ისინი ამბობდნენ, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ და ახლა სიტყვის უკან წაღება მოუწიათ. 

"როგორც მოგიწიათ სხვა სიტყვების უკან წაღება, ზუსტად ასე მოგიწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის კანონის მიღება". - თქვა კობახიძემ გამოსვლის დასასრულს. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო მუშაობა 8 ივნისს განაახლა. ამით პარტიამ 7-თვიანი ბოიკოტი დაასრულა. თუმცა, ენმ-ს ხელი არ მოუწერია შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე. მათთვის მიუღებელია 20 ივნისის ამნისტიის შესახებ ჩანაწერი, რომელიც კანონად უნდა იქცეს. 

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის 2 ვარიანტია დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის. დღეს, 9 ივნისს, პარლამენტი ამნისტიის კანონის ქართული ოცნების ვარიანტს მეორე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის. 

ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს. 

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.


close დახურვა