logo
ENG



UN: ვგმობთ ბავშვებზე სასტიკ მოპყრობასა და ომბუდსმენის მოვალეობების შესრულებაში ხელშეშლას

11 ივნ 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock 1007
UN: ვგმობთ ბავშვებზე სასტიკ მოპყრობასა და ომბუდსმენის მოვალეობების შესრულებაში ხელშეშლას
სამხრეთის კარიბჭე

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებაზე ახალ განცხადებას ავრცელებს, რითაც გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას. 

გაერო წერს, რომ გმობენ ნებისმიერ მცდელობას, რაც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას. 

"საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური ერთეულის შეზღუდვა, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით  ნაკისრ ვალდებულებებს. ამგვარად, ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას", - წერია განცხადებაში. 

გაერო მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მყისიერი და მკაცრი ზომების გატარება დეინსტიტუციონალიზაციის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის. მათი თქმით, ეს  ხელს შეუწყობს ბავშვთა მოვლის სერვისების გაუმჯობესებას და ოჯახისა და თემის მხარდამჭერი ალტერნატიული მომსახურებების გაძლიერებას.

"ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ შეიქმნას  სათანადო მექანიზმი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობას გაუწევს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ამასთანავე, ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები. გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სასურველია, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი სოციალური მუშაკებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისგან (ფსიქოლოგებისა და თერაპევტების ჩათვლით), იმისათვის, რომ ბავშვებმა სრულფასოვანი დახმარება მიიღონ.

ასევე, აუცილებელია სპეციალური ძალისხმევა ოჯახის მხარდაჭერი მექანიზმებისა და მათ შორის, ბავშვთა დაცვის სისტემის და სოციალური უზრუნველყოფის პროცედურების გაუმჯობესებისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს,გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. 

პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეპისკოპოსმა სპირიდონმა ომბუდსმენის წარმომადგენლების პანსიონში შეშვებაზე უარი განაცხადა. პანსიონში შესვლის საშუალება მას ამ დრომდე არ აქვს.


close დახურვა