logo
ENG



ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საპატრიარქოში კარლ ჰარცელს შეხვდნენ

13 ივნ 202114:27
3 წუთის საკითხავი
clock 829

საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა - ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, გაეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონზე ისაუბრეს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შეხვედრა მათი ინიციატივით შედგა. 

ჯაღმაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ "არ მოხდეს პრობლემის ზედმეტი უტრირება". 

მისივე თქმით, არ განიხილება ნინოწმინდის პანსიონის დახურვის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განჩინებით, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ.

ომბუდსმენი, ასევე, ბავშვთა უფლებების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები არაერთი წელია, საუბრობენ, რომ უნდა დაიხუროს დიდი ზომის ინსტიტუციები და ბავშვებმა მიმღებ ოჯახებთან ან საოჯახო ტიპის დაწესებულებებში იცხოვრონ. ან მოხდეს მათი ოჯახებში დაბრუნება და ოჯახების გაძლიერება. 

"ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია. მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან უნდა იქნას გადაწყვეტილი ყველა საკითხი. ხაზგასმით გვინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს პრობლემის ზედმეტი უტრირება. 

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა გაითვალისწინოს, ბავშვების ინტერესებშია, არ მოხდეს უტრირება და რამე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემის გამოყენება, რომ ბავშვის ინტერესები სხვა ინტერესებით არ გადაიფაროს.

დახურვაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტები გულისხმობს". - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ

ანდრია ჯაღმაიძისგან განსხვავებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონი დაიხურება.  

ბარკალაიას განცხადებით, 2022 წლის 1-ლი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების კანონის ის ნორმები, რომლებიც მოიაზრებს დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და ალტერნატიული სერვისების ჩამოყალიბება. 

"2022 წლის 1-ლი აპრილი არის ყველაზე ბოლო ვადა, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, მაგრამ მანამდე ჩვენ ვაგრძელებთ მათი პრობლემების იდენტიფიცირებას და ალტერნატიულ სერვისებში გადაყვანას. 

ავტომატურად მოხდება პანსიონის დახურვა და ალტერნატიული სერვისების გაძლიერება მცირე საოჯახო სახლების სახით. დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე ყველასთვის". - თქვა თამარ ბარკალაიამ

დღეისთვის ნინოწმინდის პანსიონში 23 ბავშვი რჩება. ბარკალაია ამბობს, რომ ახლა არის გარდამავალი პერიოდი, რაც ბავშვებისთვისაც რთულია. 

 "პანსიონში არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ მიჯაჭვულობა იქაურ მზრუნველებთან, იმიტომ, რომ მათ აღიქვამენ, როგორც მშობლებს. მათი გარემოდან მყისიერი გამოგლეჯა პირველ რიგში ეწინააღმდეგება მათ ინტერესებს. მიმდინარეობს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების შეფასება სოციალური მუშაკების მიერ, მათ შორის პანსიონში 24 საათის განმვალობაში. ასევე ვმუშაობთ ოჯახების მოძიებასა და გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს, პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია". - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 

 კარლ ჰარცელის განცხადებით, მადლიერია, რომ საპატრიარქომ შეხვედრაზე დაპატიჟა მთავრობის, იუნისეფის და ვორლდ ვიჟენის წარმომადგენლებთან ერთად. 

"ჩვენ ჩართულები ვართ ბავშვთა ზრუნვის პრობლემის მოგვარებაში. ყველა მხარე შეთანხმდა, რომ არის ნაბიჯების წინ გადადგმის საჭიროება, როცა საქმე ეხება ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვას - როგორც იმათზე, ვინც უკვე დატოვა ნინოწმინდის პანსიონი, ასევე მათზეც, ვინც ჯერაც პანსიონში რჩება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ ფსიქოლოგიური და ფინანსური მხარდაჭერა და მათი უფლებები სრულად დაცულია". - თქვა ჰარცელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. 

ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მართავს და რომელსაც ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, კვლავაც რჩება 23 ბავშვი. 

სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება - ომბუდსმენს პანსიონში მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და საპატრიარქო დისკრიმინაციული მოტივით არ უშვებს. 

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬


close დახურვა