ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამის სპეცოპერაცია გიორგი გახარიასა და მისი მოადგილის, კახა საბანაძის მიერ არასწორად იყო დაგეგმილი და მრავალ კითხვის ნიშანს აჩენდა პარტიაშიც.
როგორც ქართული ოცნების მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, გიორგი გახარიას გარკვეული ქმედებები აჩენდა ეჭვებს, რომ ის, შესაძლოა, ყოფილიყო გავლენების ქვეშ.
„იყო ქმედებები, რაც ამყარებს ეჭვს, რომ გავლენის ქვეშ იყო უფრო ადრეც. მაგალითად, რაც ხდებოდა 20 ივნისს - ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან, რამაც მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვინც ერკვევა, კონსულტაციები მაქვს გავლილი და კითხვები დასმული. მაგალითად, რატომ იდგნენ სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა შიგნით.
ის იღებდა ამ გადაწყვეტილებებს. ოპერაციას დაგეგმვაზე იყო თვითონ პასუხისმგებელი, თვითონ აკეთებდა მოადგილესთან ერთად. რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები. საბოლოო ჯამში იძულება იყო ტყვიების გამოყენება, რომ მომხდარიყო შტურმის მოგერიება პარლამენტზე. ამაზე პასუხი არ არსებობს. ჩვენ ეს გვეგონა შეცდომები, მაგრამ შეიძლება არც იყო შეცდომები. ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კითხვები ჩნდება გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩატარებულ სხვა სპეცოპერაციებთან დაკავშირებითაც, მათ შორის, პანკისსა და კლუბ ბასიანში.
„რაც კი პრობლემა დაუგროვდა ოცნებას იმ ერთწლიან მონაკვეთში, ყველაფერი უკავშირდებოდა გახარიას დაგეგმილ ოპერაციებს. ეს იყო პირველი მესტიაში ტყის ჭრაზე. ისე იყო დაგეგმილი, რომ მოუწიათ გამოსვლა, შემდეგ იყო ბასიანი - ისევ არასწორად დაგეგმილი. პანკისი იყო ძალიან მძიმედ დაგეგმილი ოპერაცია და სურათი. პრაქტიკულად შეურაცხყოფა მიაყენებინა პოლიციელებზე. მთლიანობაში, რაც კი პრობლემა დაგროვდა, ყველაფერი უკავშირდებოდა არასწორად დაგეგმილ და შესრულებულ სპეცოპერაციებს", - ამბობს კობახიძე მთავარი არხის ეთერში.