logo

კალაძე: ავრცელებდით, რომ ნინოწმინდაში საშინელება ხდებოდა, რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა

15 ივნ 202112:52
3 წუთის საკითხავი
clock 364

კახა კალაძე მედიას ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ პანსიონში "რეალობა განსხვავებულია იმ საშინელებისგან, რაზეც მედია ლაპარაკობს". 

"ბოლო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში ვაკვირდები მოვლენებს, ვაკვირდები თქვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ იქ საშინელება ხდებოდა. თუმცა, რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან თქვენც მიხვედით იქ და ნახეთ რეალური მდგომარეობა. შესაბამისად, გამიჭირდება სწორი აქცენტების გაკეთება". - თქვა კალაძემ. 

ნინოწმინდის პანსიონში კვლავაც რჩება 23 ბავშვი. 

პანსიონს 2021 წლის 14 ივნისამდე სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მართავდა, 14 ივნისს ის ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა შეცვალა. 

მთავარეპისკოპოს სპირიდონს ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ბოდბელი ეპისკოპოსი კი პოლიტიკოსების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მუქარის ტექსტებით გამოირჩევა. 

სახალხო დამცველს ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება - ომბუდსმენს პანსიონში მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და საპატრიარქო დისკრიმინაციული მოტივით არ უშვებს. 

ომბუდსმენი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬

close დახურვა