გერმანული ჰოსპიტალის ექიმის, ნანა ჩხიკვაძის თქმით, პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა "უკიდურესად მძიმედ" ფასდება.
როგორც ექიმი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
"სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ კლინიკაში შემოყვანილია 46 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანებები, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარცხენა ორმხრივი პნევმოტორაქსი, სხივისა და იდაყვის ძვლის მოტეხილობა, პაციენტი იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე, გრძელდება შესაბამისი მკურნალობა", - განაცხადა ექიმმა.
წერეთელზე, პოლიციის შენობიდან მამაკაცი გადმოვარდა.
არსებული ინფორმაციით, განყოფილებაში მისთვის შემაკავებელი ორდერი უნდა გამოეწერათ. ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებიც.