სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წერეთელზე, პოლიციის შენობიდან მამაკაცის გადმოხტომის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიება შსს-ის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო.
"2021 წლის 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის აივნიდან გადმოხტა მამაკაცი.
აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წერეთელზე, პოლიციის შენობიდან მამაკაცი გადმოვარდა.
არსებული ინფორმაციით, განყოფილებაში მისთვის შემაკავებელი ორდერი უნდა გამოეწერათ.
კლინიკის ექიმის ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.