logo
ENG



მეუფე იაკობი: თუ ვინმეზე ერთი რამე მაინც თქვა ბავშვმა, ის თანამშრომლები აღარ დაიშვებიან

17 ივნ 202112:34
3 წუთის საკითხავი
clock 1116

ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნული მმართველი მეუფე იაკობი განმარტავს, რომ ის აღსაზრდელები გაათავისუფლა, ვის მიმართაც ბავშვებს პრეტენზიები ჰქონდათ. ამაზე მან ჟურნალისტებთან, სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"თუ ვინმეზე ერთი რაღაც მაინც ჰქონდა ბავშვს ნათქვამი, არ ვარკვევთ მტყუან-მართალს, ის თანამშრომლები აღარ დაიშვებიან.

ვაკეთებთ ცვლილებებს, დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისთანაც პრეტენზიები არაა", - თქვა მან.

ომბუდსმენის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას მეუფე იაკობთან ერთად შევა, მისი ვიზიტის შემდეგ კი პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მეუფე იაკობთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო. 

"ვაპირებთ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებს აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენ შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდგომ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები ჩავლენ", - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.


close დახურვა