logo
ENG



NGO-ები იუსტიციის საბჭოს: შეწყვიტეთ ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება

17 ივნ 202116:02
3 წუთის საკითხავი
clock 942
2021/06/17/o336mnf6mgmprjb.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ, შეწყვიტონ ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება. 

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამგვარ გაბედულ ნაბიჯებს სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ გადადგამდა ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერის გარეშე".

"ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 19 აპრილის შეთანხმება, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს ამბიციური სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, მათ შორის, დოკუმენტში საუბარია  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის საჭიროებაზე და უზენაესი სასამართლოს კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობაზე.

სასამართლოს სიღრმისეული რეფორმების განხორციელების გარეშე, ამგვარი მნიშვნელობის საკადრო გადაწყვეტილებების დაჩქარებულ ტემპში მიღება, უკიდურესად აზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ საბჭოს ქმედებებმა მომავალში შესაძლებელია ლეგიტიმურობის საკითხი წარმოშვას ამ პირობებში დანიშნული მოსამართლეების მიმართ.

ცხადია ამგვარ გაბედულ ნაბიჯებს სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ გადადგამდა ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერის გარეშე. მმართველი პარტიის მიერ კლანის არსებობის იგნორირება და ზედაპირული, კოსმეტიკური რეფორმირების დაანონსება კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიტიკური ნების არ არსებობაზე, სასამართლო სისტემაში განხორციელდეს თვისობრივი ცვლილებები და შესრულდეს დასავლელი პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში აღებული ვალდებულებები", - ნათქვამია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს:

დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველსა და საერთაშორისო პარტნიორებს;

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. თუკი ეს შეუძლებელი გახდა, შეაჩეროს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • უფლებები საქართველო
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

დღეს, 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობს, რომ დღესვე იგეგმება 100 მოსამართლის დანიშვნა, წარდგენა და გადაყვანა: 9 - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენა, 88 - ქვედა ინსტანციაში დანიშვნა, 8 - ქვედა ინსტანციაში გადაყვანა.

26 მაისს, მოსამართლეთა კონფერენციამ საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია, რაც უმეტესობამ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის დარღვევად მიიჩნია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

21 მაისს დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა - მისი თქმით, პროცესს ვერ შეაჩერებდა.

აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს. 

 


close დახურვა