logo
ENG



კობახიძე პრაიდის კვირეულზე: ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე

17 ივნ 202123:37
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე პრაიდის კვირეულზე: ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე

​ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ პრაიდის კვირეული არ უნდა ჩატარდეს.

როგორც კობახიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, პრაიდის ორგანიზატორები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ საკითხს და ღონისძიება არ უნდა დაეგეგმათ. 

"მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე. მთელი კონტექსტის გათვალისწინებით [...] ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედია ეკლესია მე გამიგორებს კოჭს. 

ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება. ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ, თუმცა რაც არის ეგ არის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

15 ივნისს პროპუტინური, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერმა, ლევან ვასაძემ ქართულ ოცნებას 10-დღიანი ვადა მისცა, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში".

მან მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - მოუწოდა მთავრობას, არ მისცენ საბაბი "ესკალაციასა" და "დაპირისპირებას".

"დღეს ხომ არის 15 ივნისი, ვადას ვაძლევთ 25 ივნისამდე, გააუქმონ, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ჩვენს უშუალო სამეზობლოში", - ამბობს ვასაძე.

"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ამ ფორმით ისინი, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადებენ სოლიდარობას. 

"ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ:

  • უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება;
  • Შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
  • უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
  • დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.


close დახურვა