logo
ENG



კალაძე: პრაიდის კვირეულის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

29 ივნ 202112:27
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველოში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პრაიდის კვირეულის ჩატარებას "მიზანშეწონილად არ მიიჩნევს".

როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელია, კონკრეტულმა ჯგუფებმა ეს "არასწორად გამოიყენონ".

"გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა არის თანასწორუფლებიანი და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად პრაიდის კვირეულს, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება, იმიტომ, რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან", - განაცხადა კალაძემ.  

კითხვას - იმ შემთხვევაში, თუ ქვიარ თემის წარმომადგენლებს ღირსების მარშის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცემათ, შეიზღუდება თუ არა ამით მათი უფლებები, კალაძემ ასე უპასუხა:

"ამ ქვეყანაში ყველას უფლებები არის თანაბრად დაცული. ვერ მოიყვანთ  ვერცერთ მაგალითს, რომ ადამიანის უფლებები იზღუდებოდეს სხვადასხვა [ადგილზე], სამსახურში, დასაქმების მიმართულებით, არავის არასდროს შექმნია პრობლემა", - თქვა კახა კალაძემ.

1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა. 


close დახურვა