ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კარგი კანდიდატი ბიზნესმენი თემურ ჭყონია იქნება. ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას ხაზარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ამ თემაზე ჭყონიასაც ესაუბრა.
"თემურ ჭყონია იქნება ჩემი აზრით ძალიან კარგი კანდიდატი. უპარტიო, საქმიანი ხალხი რაც უფრო მეტი მოვა, რომელსაც არ აქვს პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი, სულ კრიტიკულ აზრს გამოტქვამს და არის ორი ამხელა ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი. მე თემურს, ერთ-ერთ ლოკომოტივად მივიჩნევ ქართული ბიზნესის. მქონდა საუბარი, ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი ინფორმაცია მივიღე", - თქვა ხაზარაძემ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი.
ოპოზიციის ნაწილი ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატურას განიხილავს.
მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას თვითმმართველობის არჩევნებზე მოგების შანსი არ აქვს და მათი პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატი შესაძლოა თავად იყოს.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით კი, ენმ-ის მერობის კანდიდატის მხარდაჭერა არჩევნებში მარცხის ფორმულაა.