logo
ENG



საელჩოები: დაიცავით შეკრების თავისუფლების უფლება პრაიდის კვირეულზე

30 ივნ 202120:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/30/66cl8ox51vkd43e.jpg

საელჩოები თბილისი პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას.

"მხარს ვუჭერთ რა ყველა ადამიანის თანასწორობასა და მათი უფლებების დაცვას, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქ+) თემს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხო გარემოში.

საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ეს მოიცავს ლგბტქ+ ადამიანების უფლებას, მოაწყონ მანიფესტაციები და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებები, და მათ უფლებას, საჯაროდ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და დაიცვან თავიანთი უფლებები.

2014 წლიდან, საქართველოს ნიშანდობლივი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გამყარებულია კონსტიტუციაში გაწერილი თანასწორობის პრინციპით და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე. ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს და დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია. ეს მოიცავს მოვალეობას, ხელი შეუწყონ შეკრებებს ორგანიზატორების სასურველ ადგილას და დაიცვან შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები მათგან, ვისაც შეიძლება მათი უფლებების შელახვის მცდელობა ჰქონდეთ.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი ამტკიცებს, რომ დაუშვებელია ერთი ადამიანის უფლების გამოყენება მეორე ადამიანის უფლების დარღვევისთვის. COVID-19 პანდემიამ გაამძაფრა სოციალური და ეკონომიკური გამყოფი ხაზები და გააღრმავა საქართველოში მრავალი ადამიანის მარგინალიზაცია და უჩინარობა.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებიდან გარიყულობის გადალახვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. საჯარო შეკრებები მოქმედი დემოკრატიის საფუძველია.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ წინა მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების მისამართით, რომ შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად და პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო დისკურსის გასამართად. ჩვენ ერთად ვდგავართ ყველას თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ.

1-5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის კვირეული" ჩატარდება. 5 ივლისს კი რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.

 


close დახურვა