ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც რეგისტრაციის პროცესი შეაფერხა.
თამარ გაბუნიას თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი უწყებები მუშაობენ და ვაქცინაციაზე რეგისტრაციაც დაიწყება.
„ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის პორტალზე დაგეგმილი იყო რეგისტრაციის დაწყება დღის პირველი ნახევრიდან, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობს საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რამაც, ბუნებრივია, პორტალის მუშაობა შეაფერხა. პროცესში შესაფერისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება და მუშაობა იმაზე, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეს 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვებგვერდი www.booking.moh.gov.ge გამორთულია.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან პირველად არ განახლებულა ინფიცირების სტატისტიკაც.
საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების 1 მილიონი დოზა გუშინ, 2 ივლისს შემოვიდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიმდინარე თვიდან ეტაპობრივად შემოვა ფაიზერის ვაქცინაც.
რეგისტრაცია დღეიდან მხოლოდ სინოფარმზე უნდა დაწყებულიყო.