საპატრიარქო 5 ივლისს, ღირსების მარშის პარალელურად აქციას აანონსებს.
საპატრიარქო მორიგ ჰომოფობიურ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მათ "თბილისი-პრაიდის ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან".
საპატრიარქოს იმედი ჰქონდა, რომ ისინი გაითვალისწინებდნენ უმრავლესობის არჩევანს, თუმცა, მათი შეფასებით, "ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში".
"ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა.
ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. "პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს.
ყოველივე ამაზე კი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ.
მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას.
ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია". - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
1-5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის კვირეული" ტარდება. 5 ივლისს კი რუსთაველის მეტროდან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.
2013 წლის შემდეგ ლგბტქ აქტივისტები რუსთაველის გამზირზე პირველად გაივლიან.
საპატრიარქოს გარდა, ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.
საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის თავისუფლება.
თბილისი პრაიდის აქციის მონაწილეების დაცვისკენ სახელმწიფოს მოუწოდა სახალხო დამცველმა. თბილისის მერს, კახა კალაძეს კი ანალოგიური მოწოდებით ამსტერდამის მერმა მიმართა.
1-ლი ივლისის ღონისძიება - ფილმის ჩვენება ასევე ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების კონტრაქციის ფონზე გაიმართა. მათ პრაიდის ღონისძიების მონაწილეებს, მათ შორის დიპლომატებს კვერცხები, ბოთლები და ქვები დაუშინეს.