logo
ENG



მოქალაქე ამბობს, რომ თბილისი პრაიდის ჩანთის გამო თავს დაესხნენ

05 ივლ 202123:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/05/6lhmh6mlcivodgt.jpg

Windford's Tbilisi-ს თანამშრომელი ნატალი ურიდია Facebook-ზე წერს, რომ თბილისი პრაიდის ჩანთის გამო ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ.

მისი თქმით, მოძალადეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავში ბოთლი ჩაარტყეს.

"ცოტა ხნის წინ გამოვედი სამსახურიდან, სტამბაში გვაქვს ოფისი და რუსთაველის მოედანზე მიწევს გავლა, რომ მერე მეტროში ჩავიდე. ვიღაც რიგითმა ფარშისტმა დამაძალა ჩანთის მოხსნა, რომელსაც თბილისი პრაიდი აწერია. მას შემდეგ, რაც უარი ვუთხარი, წამოდგა და ჩემკენ გამოიწია. ამასობაში უკნიდანაც ვიღაც მონსტრები მეცნენ, თავში ბოთლი ჩამარტყეს, ყური მომაგლიჯეს და ხელზეც მეჯაჯგურნენ. მადლობა განგებას, რომ დედაჩემთან ერთად ვიყავი და გადავრჩი ძალიან შემთხვევით. მეზიზღება აქაურობა", - წერს ნატალია ურიდია.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

საელჩოები ხელისუფლებას დამნაშავეთა გასამართლებისკენ მოუწოდებენ.

 

close დახურვა