logo
ENG



თაბაგარი: დროშები სიამაყით ვაფრიალეთ, ერთმანეთი გავაძლიერეთ, ესაა პრაიდის არსი, სხვა რა?

07 ივლ 202119:06
3 წუთის საკითხავი
 
თაბაგარი: დროშები სიამაყით ვაფრიალეთ, ერთმანეთი გავაძლიერეთ, ესაა პრაიდის არსი, სხვა რა?
ფოტო: გიორგი კიკაბიძე

"დროშებიც სიამაყით ვაფრიალეთ, ერთმანეთიც გავაძლიერეთ, ესაა პრაიდის არსი, სხვა რა გგონიათ?" - ამით თბილისი პრაიდის დირექტორი გიორგი თაბაგარი ეხმაურება დისკუსიას, ჩატარდა თუ არა პრაიდი 6 ივლისს, პარლამენტის წინ გამართულ "მდუმარე აქციაზე". მისი თქმით, გუშინდელი აქცია იყო 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ მოვლენებზე რეაქცია - "ბრაზისა და სოლიდარობის ნაზავი". 

"გუშინდელი აქცია ჩვენთვის რეაქცია იყო იმ უმსგავსობებზე, რაც თბილისში ხდებოდა 5 ივლისს. ბრაზისა და სოლიდარობის ნაზავი, რომელიც საბოლოოდ, მნიშვნელოვან გამარჯვებად გადაიქცა. გუშინდელ აქციაზე ბევრად მეტი ადამიანი იყო, ვიდრე 5 ივლისს სიძულვილის მხარეს. მემარცხენეები და მემარჯვენეებიც კი ერთად იდგნენ.

შიშის დათესვის და დატრიალებული ძალადობის მიუხედავად, გუშინ უამრავი ქვიარი იდგა მედგრად პარლამენტთან და უნდა ითქვას, რომ თითოეული მათგანის იქ ყოფნა სიცოცხლის რისკებთან იყო დაკავშირებული. ამ ყველაფრის მიუხედავად,  ჰიმნიც ვიმღერეთ, დროშებიც სიამაყით ვაფრიალეთ და ერთმანეთიც გავაძლიერეთ.

ხოდა ესაა პრაიდის მთავარი არსი ხალხო, სხვა რა გგონიათ? მარში მართალია ვერ ჩავატარეთ, მაგრამ ხმამაღლა ვთქვით რომ დამარცხებულად თავს არ ვგრძნობთ! ჩვენი მოძრაობა რეზისტენტულია და ჯერ კიდევ გადარჩენისთვის ბრძოლის ფაზაშია, მაგრამ ნელ-ნელა გვემატება სიამაყის ელემენტებიც და არც ეგ დღეა შორს, როცა მშვიდობიან მსვლელობებს ჩავატარებთ" - წერს გიორგი თაბაგარი ფეისბუქზე.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.

ხოლო გუშინ, 6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, მათი უმრავლესობა კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 


close დახურვა