5 ივლისს ჟურნალისტ რატი წვერავაზე სასტიკი თავდასხმის პროვოცირებას, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, მეუფე იოანე გამრეკელი თავად ჟურნალისტს აბრალებს. რატი წვერავა პარლამენტთან მისთვის კითხვის დასმას ცდილობდა, როდესაც იოანე გამრეკელის თანმხლებმა პირებმა მას სცემეს.
"ვეუბნები, აქ ნუ მოხვალ. არა, მე მინდა აქ. [ვეუბნები] ეს ზონა შენთვის არაა. გაყავთ, "ა, ხელით შემეხეთ, ხო"? და წიხლებს იტყმევინება. უარესს, კიდევ იწვევს აგრესიას. ცივ წყალს ასხამენ და იძახის, 200 მეტრი მიწაზე მათრიესო, ვინ გათრია? გამოგაგდეს. საროჩკა სველი ჰქონდა წყლისგან, შემოიხია, გადააგდო. გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და იქ დაიწყო ჩხუბი. იძახის მღვდელმა არ მიშველაო. რაში დაგეხმარო, ძმაო? შენთან ერთად ვლანძღო? გარშემო ხალხი? ელემენტარული ეთიკური ნორმები საზოგადოებისა დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას? რას? თავხედობის, კადნიერების, უტიფრობის? ძალადობის? დაუშვებელია", - ამბობს ის.
5 ივლისს ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ფორმულას ჟურნალისტს, რატი წვერავას სასტიკად გაუსწორდნენ.
ის პარლამენტის კიბეებზე განლაგებულ სასულიერო პირებთან მივიდა, სადაც ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი, იოანე გამრეკელიც იდგა. წვერავას სწორედ მისთვის სურდა კითხვის დასმა, როცა მას ხელი ჰკრეს და სცემეს.
რატი წვერავა ყვება:
"დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა ინციდენტი და ამ დრომდე არ გამოჩენილა სასწრაფო დახმარება. სავარაუდოდ, მაქვს ტვინის შერყევა და სხეულის სხვადასხვა დაზიანება.
200 მეტრზე მათრიეს. ასამდე ადამიანი მირტყამდა ისე, რომ არც ერთი პოლიციელი არ გამოჩენილა, რომელიც გადამეფარებოდა. ქაშვეთის ეკლესიასთან ჩასასველში ერთადერთი პოლიციელი გამოჩნდა, მაგრამ ის უძლური იყო. ბრბო მირტყამდა, არ აინტერესებდა, ჟურნალისტი ვიყავი თუ არა. სასულიერო პირები და აქციის ორგანიზატორები. პერანგი მეცვა და შემომახიეს. მირტყამდნენ. თავი დახრილი მქონდა და ვიგუდებოდი, ვითხოვდი, იქნებ ვინმე დამეხმაროს-მეთქი და არავინ დამეხმარა. უბრალოდ უნდოდათ, მოვეკალი. სიტყვიერად და ფიზიკურად ხომ გვიპირისპირდებოდნენ, ერთი ნაბიჯია, რომ ამ ადამიანებმა მოგკლან.
მეუფე იოანე გამრეკელისთვის კითხვა უნდა დამესვა, რატომ იყო მოსული და მოსწონდა თუ არა ის, რომ ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს. ეს უნდა მეკითხა სასულიერო პირისთვის, რომელიც მოგვიწოდებს, რომ უნდა ვიყოთ მშვიდობიანები. და თავად იოანე გამრეკელი ხედავდა, როგორ გამიყვანეს და დამიწყეს ცემა". - ამბობს ჟურნალისტი.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.
6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, მათი უმრავლესობა კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.