logo
ENG



გახარია: მოვახერხე იმდენი, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო და ცემა-ტყეპა არ მომხდარა

10 ივლ 202114:06
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: მოვახერხე იმდენი, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო და ცემა-ტყეპა არ მომხდარა
ფორმულა

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ მისი შს მინისტრობისა და პრემიერობის დროს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო. ჟურნალისტებთან მან უპასუხა კითხვას, დაუშვებდა თუ არა ღირსების მარშის ჩატარებას. 

"მე შინაგან საქმეთა მინისტრიც ვიყავი, პრემიერიც ვიყავი, ერთი და იგივე ხდება ყოველწლიურად, მაგრამ სამივე წლის განმავლობაში მოვახერხე იმდენი, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა და უბედურება, რაც მოხდა, ესეც არ მომხდარა და ჩვენს მოქალაქეებს საერთოდ არ უგრძნიათ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ დამდგარა. რაღაცნაირად ამას ვახერხებდი", — განაცხადა გახარიამ. 

გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს თბილისის კლუბებსა და ბარებში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. ღამის კლუბებში პოლიციის შეჭრამ პროტესტის ტალღა გამოიწვია და მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. 

გარდა ამისა, სწორედ გახარიას მინისტრობის დროს მოხდა ე.წ. გავრილოვის ღამე. 2019 წლის 20 ივნისს სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა მომიტინგეები, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩაჯდომას აპროტესტებდნენ. 

რაც შეეხება თბილისი პრაიდს, პირველი ღირსების მარში 2019 წლის ივლისში დაიგეგმა, თუმცა მაშინაც ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა სცადეს. პრაიდის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ უსაფრთხოების საკითხებთან და ლოკაციასთან დაკავშირებით შსს-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა უწყებამ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისა და უსაფრთხოების გარანტია არ მისცა. 


close დახურვა