პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, გამოძიება 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენის კუთხითაც მუშაობს. ამის შესახებ მან დავით კუტალაძის სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა, რომელიც TV პირველის ოპერატორსა და ჟურნალისტზე თავდასხმაშია ბრალდებული. სასტიკი ცემის შემდეგ, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობდა, ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
"იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტული ძალადობის ეპიზოდებთან დაკავშირებით დაზარალებული პირების ჩართულობით შედარებით უფრო მარტივია მტკიცებულებების მოგროვება, მოცემულ შემთხვევაში შედარებით მოცულობითია სამუშაო, თუმცა ვადასტურებ, რომ ამ [ორგანიზატორების გამოვლენის] მიმართულებით მუშაობს გამოძიება", - განაცხადა პროკურორმა.
***
5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია.
5 ივლისს, დილიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედიამუშაკს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.
შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა.
ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო".
5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.
ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა.
5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის. თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს.
იმავე დღეს პოლიციამ 100 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მოგვიანებით, დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა არა ყველა მათგანი.
ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.