კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაკავებული ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ძალის გამოყენებით მაშინ დააკავეს, როცა პროცესს აშუქებდა. მისი თქმით, დაკავების დროს პოლიციელებმა ხეს მიაჯახეს და მანქანაში "შეაგდეს".
"როდესაც მივედი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, უკვე შესული იყვნენ ბინაში, გამოყრილი ჰყავდათ ადამიანები და გარეთ მყოფ აქტივისტებს, რომლებიც აპროტესტებდნენ ამას, აკავებდნენ. ზუსტად ორი-სამი წუთის მისული ვიყავი, აქციასთან არავითარი საერთო არ მქონია, არც შიგნით არ ვყოფილვარ, არც არავისთვის ხელი არ შემიშლია, როდესაც მივედი, დაახლოებით 2-3 წუთის შემდეგ, ერთ-ერთ ახალგაზრდის დაკავების პროცესს მივყევი ბოლომდე, ვიდრე მას მანქანაში შეტენიდნენ და ვხედავდი პოლიციის თანამშრომლები როგორ ახდენდნენ მასზე ფიზიკურ ზეწოლას. ის ახალგაზრდა წინააღმდეგობას არ უწევდა, მაგრამ მაინც ძალადობდნენ.
როდესაც ამას ვიღებდი და დამინახეს, რომ ტელეფონით ვიღებდი, ერთ-ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი, მიმახეთქა ხეს, როდესაც ვუთხარი რომ რას აკეთებ, ჟურნალისტი ვარ, ამ სიტყვების თქმაზე გამწარდნენ და შემაგდეს პოლიციის მანქანაში. რამდენიმე პოლიციელი დამეხვია, მანქანის იატაკზე დავვარდი იმ ძალით შემაგდეს და ადგომა ხომ მჭირდებოდა და ეგონათ, რომ წინააღმდეგობას ვუწევდი - ვეუბნებოდი, რომ ნუ ძალადობდნენ, დავჯდებოდი მე თვითონ და დავემორჩილებოდი, კიდევ ერთხელ განვმარტე რომ ვიყავი ჟურნალისტი. მოვითხოვე განემარტათ, რის საფუძველზე დამაკავეს - 5 პოლიციელი იყო, განსაკუთრებით სამი იყო აგრესიული, ერთი უკნიდან ჩამწვდა თავში და კისერში, მეორე წინიდან და ჩვეულებრივი ველურებივით იქცეოდნენ, მეგონა, რომ მახრჩობდნენ", - განაცხადა მან.
დღეს, 23 იანვარს აღსრულების პოლიციამ ვაკეში, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყო. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარის, შემდეგ კი ბინის კარის გაჭრა მოუწია. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა.
რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა.
პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. ჟურნალისტი ამბობდა, რომ მანქანა მისი იყო, თუმცა პოლიციამ ის მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოაგდო და საქმიანობაში ხელი შეუშალა. დაპირისპირების დროს, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
აღნიშნულ ვითარებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია სოციაური სამართლიანობის ცენტრი. მათი ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, თბილისში, გამოსახლება სამ ოჯახს შეეხება. 23, 24 და 26 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლება იგეგმება. რაც შეეხება ხატიაშვილების ოჯახს, მათი გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა.
კეკელიძის 1 ნომერში მარინა ხატიაშვილის ოჯახი ცხოვრობს. რადიო თავისუფლებასთან მარინა ხატიაშვილი ყვებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს ბანკიდან 20 ათასი დოლარი ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილებების გამო ბანკმა საქმე სასამართლოს გადასცა და 21 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკის იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, "მევახშესთან" დაკავშირება ურჩია და სადაც 27 ათასი დოლარი ისესხა. როგორც ქალი ამბობს, კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში 80 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და მას შემდეგ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა.