logo
ENG



15 საათზე ჟურნალისტები შსს-სთან აქციას გამართავენ და მოითხოვენ პრემიერის გადადგომას

15 ივლ 202112:56
3 წუთის საკითხავი
clock 723

მედიის წარმომადგენლები 15:00 საათზე ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ და კიდევ ერთხელ მოითხოვენ, დაისაჯონ მოძალადეები და გადადგეს პრემიერმინისტრი.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ პრემიერის მიერ წახალისებულმა ძალადობამ მოიტანა ტრაგიკული შედეგი - გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი, ჯამში კი 53 მედიამუშაკი დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.

მედიის წარმომადგენლები, ასევე, ეხმიანებიან ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებას, რომ აქციაზე მძიმედ 6 ადამიანი დაშავდა.

„ირაკლი კობახიძე გვიბედავს და ამბობს, რომ 53 დაზარალებული კი არ არსებობს, 6-ია. თურმე 6 ცოტაა მისთვის და მათგან რომ ერთს მხედველობა ცალ თვალში არ აქვს, ფოტორეპორტიორი რომ ჯერ კიდევ საავადმყოფოშია. უნდა ვაპროტესტოთ ბოლომდე, სანამ ამას გაგვიბედავენ", - ამბობს მთავარი არხის ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა არის მოძალადეების დასჯა. პროტესტი კი მანამ არ შეწყდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

„ჩვენ არ ვიბრძვით თანამდებობებიისთვის, არაფრისთვის, გარდა იმისა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. უპირველესი დამნაშავე არის ყოფილი პრემიერი - მე ასე ვუწოდებ - რომლის ბრძანებითაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს კოლეგებს და ამ ძალადობას შეეწირა ლექსო ლაშქარავა", - ამბობს ფორმულას  ტელეწამყვანი ვახო სანაია. 

 

5-6 ივლისს აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. 

ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს დაკრძალეს.

მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ. 

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 5-6 ივლისს მათზე ძალადობის ერთერთი წამხალისებელი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, სწორედ ამიტომ არის მოთხოვნებს შორის მისი გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან.

პროტესტის ნიშნად ოთხმა ტელევიზიამ - ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი და ტვ კავკასია - 14 ივლისს 08:00 საათიდან 15 ივლისს 08:00 საათამდე მაუწყებლობა შეწყვიტა.


close დახურვა