logo
ENG



პაპუაშვილი: რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ

18 ივლ 202119:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/18/7lvqttpi59t1vf8.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით ტრიბუნიდან გაიყვანა, მომხდარს Facebook-ზე ეხმაურება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ მას თინა ბოკუჩავაზე არ უძალადია. ის ხელს ისევ ნაციონალური მოძრაობისკენ იშვერს. 

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში.

ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე და პარლამენტზე. ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები.

სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ. თინასთან ვწუხვარ", - წერს შალვა პაპუაშვილი. 

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურს მოსმენა იგეგმებოდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული. 

წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები!", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერები გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.

ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.

ამის შემდეგ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

საბოლოოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში აღარ გაგრძელდა.


close დახურვა