logo
ENG



სამადაშვილი მიშელთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმი გაძლიერდეს

19 ივლ 202111:41
3 წუთის საკითხავი
clock 1549
სამადაშვილი მიშელთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმი გაძლიერდეს
ფოტო: ვახო ქარელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. 

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ერთ-ერთი საკითხი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენები იყო. მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომხდარი საქართველოსთვის ევროპული გზის წესრიგიდან უკან დახევაა.

სამადაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმებსაც.

"გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზეწოლის მექანიზმები ამ ხელისუფლებაზე, რომელიც ღიად და აშკარად, ფაქტობრივად უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, უნდა გაძლიერდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე მსჯელობას. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი დახმარება პირობითობის პრინციპის დაცვით, შესაძლოა შეჩერებული იქნას იმ პრობლემების გამო, რომელიც შეიქმნა, მათ შორის მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით", - ამბობს სამადაშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, თუ ქართული ოცნება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას არ დაიწყებს, შესაძლოა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტი გადაიხედოს.

"ვფიქრობ, რომ თუ არაფერი არ შეიცვლება და ქართული ოცნება მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტზე კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტის გადახედვა შესაძლოა მოხდეს", - თქვა სამადაშვილმა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე შარლ მიშელმა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. 

"ჩვენ მოვისმინეთ ასევე მოწოდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან, რომ სასურველია დოკუმენტს შეუერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია ამ ქვეყანაში, რომელსც სურს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა", - თქვა სამადაშვილმა.

შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიღებენ. 

აღსანიშნავია, რომ ეს შარლ მიშელის მესამე ვიზიტია საქართველოში.


close დახურვა