მთაწმინდის პარკში კალაძის პრეზენტაციაზე მისულმა ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტო ჟურნალისტს გამოგლიჯა, რის შედეგადაც სურათი გაიხა.
ვოლსკი ჟურნალისტების კრიტიკულმა შეკითხვებმა გააღიზიანა. შეკითხვაზე, ექმნება თუ არა მას დისკომფორტი კალაძის პრეზენტაციაზე მისვლით, ვოლსკიმ უპასუხა:
"შენ არ გრცხვენია? სად გაიზარდე? თქვენ ახალგაზრდა ხართ და თქვენი კოლეგის ცხედართან უზნეო ცეკვა გაქვთ დიდებთან ერთად", - თქვა ვოლსკიმ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მას არ ჰქონდა მორალური უფლება, ლექსო ლაშქარავას ფოტო ხელში დაეჭირა, ვოლსკიმ თქვა:
"მაქვს მორალური უფლება, რომ ეს ხელში მეჭიროს", - თქვა მან.
"არ გრცხვენიათ ბატონო გია, დეპუტატი ხართ? არ გაქვთ მორალური უფლება, რომ ეგ ხელში გეჭიროთ", - მიმართეს ჟურნალისტებმა მას.
მთაწმინდის პარკში კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელების პარალელურად აქცია მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის პარკში დიდი რაოდენობითა პოლიციაა მობილიზებული.
კალაძის წარდგენაზე, თითო მედიიდან მხოლოდ 1 ჯგუფს უშვებენ, ისიც სპეციალურ მედიაზონაში, რომელიც ღონისძიების ადგილიდან სპეციალური ჯებირებითაა გამოყოფილი.
მედიის წარმომადგენლებს ჯებირებს იქით გადასვლის უფლება არ მიეცათ, ხოლო მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იყო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.