logo

ვინ არ გრძნობს უხერხულობას კახა კალაძის პრეზენტაციაზე მისვლის გამო

20 ივლ 202121:30
3 წუთის საკითხავი
clock 5366
2021/07/20/9vxvvqt3tn8u4vx.jpg

ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინა. კახა კალაძის პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში გაიმართა. პრეზენტაციაზე დასწრება მხოლოდ სპეციალური მოსაწვევით იყო შესაძლებელი. 

ღონისძიებას პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ მომღერალი აჩიკო მეფარიძე, რეჟისორი ქეთი დოლიძე, დიზაინერი ზალიკო ბერგერი, მომღერალი მანანა თოდაძე, ასევე ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე და საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი.  

მოწვეულ სტუმრებს ადგილზე მყოფი ჟურნალისტები მხოლოდ ერთ კითხვას უსვამდნენ: "ხომ არ გრძნობთ დისკომფორტს და უხერხულობას იმის გამო, რომ მმართველი გუნდის პრეზენტაციას ესწრებით, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ". სტუმრების ნაწილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, ნაწილი კი ამბობდა, რომ "ნულოვანი" დისკომფორტი ჰქონდა.

ღონისძიება მედიის წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ჟურნალისტებს თან ჰქონდათ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პლაკატები წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები".

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოსული პოლიტიკოსები მედიის წარმომადგენლების მიმართ ისევ აგრესიულად იყვნენ განწყობილი და მათ, კოლეგის გარდაცვალებით სპეკულირებაში სდებდნენ ბრალს. ინციდენტი მოხდა მედიის წარმომადგენლებსა და ქართული ოცნების წევრ გია ვოლსკის შორის, რა დროსაც ლექსო ლაშქარავას ფოტო დაზიანდა. 

"შენ არ გრცხვენია? სად გაიზარდე? თქვენ ახალგაზრდა ხართ და თქვენი კოლეგის ცხედართან უზნეო ცეკვა გაქვთ დიდებთან ერთად", - თქვა ვოლსკიმ. 

"გაიტანეთ ეს, რატომ მეხებით?! არ მსურს, არ გაგცემთ არავითარ პასუხს", - ელისო ბოლქვაძე მედიას. 

"ნულოვანი. მე ვფიქრობ, რომ სირცხვილია თქვენ როგორც იქცევით. გილოცავთ კარგია კალაძე როცა ხდება კანდიდატი. საშინელება, მაგრამ თქვენ როგორც იქცევით...", - ამბობს ბექა დავითულიანი ფორმულას ეთერში. 

მედია გააკრიტიკა მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წევრმა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მედია კოლეგის გარდაცვალებით სპეკილურებაში დაადანაშაულა. 

"დაბრუნდით პოლიტიკიდან მედიაში და შემდეგ გეტყვით", - შალვა პაპუაშვილი. 

"ვაბშე არ მაქვს უხერხულობის შეგრძნება... არაფერი არ ვიცი. მიხარია, კახის ვულოცავ გამარჯვებას, თუ რაცაა...", - ზალიკო ბერგერი. 

"პროვოკატორებს არ გაძლევთ ინტერვიუს...ძალიან ბევრი მოქმედებს პროვოკაციულად. არ ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თქვენ ხართ გაყიდული ჟურნალისტები",  -  ქეთი დოლიძე.

"მე ვთვლი, რომ კახა კალაძე არის ბოლო წლების ყველაზე უკეთესი მერი", - თენგიზ ცერცვაძე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, მმართველი გუნდის პრეზენტაციაზე მისვლით დისკომფორტს არ განიცდის და ამბობს, რომ მივა ყველგან, სადაც სურვილი ექნება. 

"მე შემიძლია სადაც მინდა იქ მივიდე. დისკომფორტს ეს არ მიქმნის. უფლებას მართმევთ, სადაც მინდა იქ წავიდე. მივდივარ, სადაც მინდა რომ წავიდე. მოძალადეები უნდა დაისაჯონ", - პაატა იმნაძე. 

"მიმაჩნია, რომ დანაშაული ვინც ჩაიდინა, აუცილებლად იქნებიან დასჯილები. მე მჯერა და აუცილებლად ასე იქნება. ძალადობა არანაირმა ადამიანმა არ უნდა ჩაიდინოს. პოლიტიკური არ ვარ და ნუ მომთხოვთ, მე პოლიტიკურ ღონისძიებებზე ბევრჯერ დავდივარ  მაგრამ იმიტომ კი არა რომ პოლიტიკოსი ვარ, დავდივარ იმიტომ რომ მომღერალი ვარ", - აჩიკო მეფარიძე. 

close დახურვა