logo
ENG



ოცნება: კალაძეზე ქარტიის განცხადება სამარცხვინო ცილისწამებაა

21 ივლ 202120:50
3 წუთის საკითხავი
clock 725
2021/07/21/299v17707uakteq.jpg

ქართული ოცნება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქარტიამ თბილისის მერის, კახა კალაძის 20 ივლისის გამოსვლა დაგმო.

საქმე ეხება კალაძის განცხადებას, სადაც თბილისის მერმა მედიის საქმიანობისგან გამოწვეული "ფსიქოლოგიური ძალადობა" 5 ივლისის ფიზიკურ ძალადობას შეადარა. 

მმართველი პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქარტიის განცხადება "სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯებაა".

"მოვითხოვთ განმარტებას, რის საფუძველზე ამოიკითხა ორგანიზაციამ აგრესიული რიტორიკა კახა კალაძის მიერ 20 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში? იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან გამოთქმული არცერთი ბრალდება არ დასტურდება ფაქტებით, მოვუწოდებთ ქარტიას, გააკეთოს განმარტება დაუსაბუთებელ ბრალდებებზე. ასევე, ვურჩევთ, გაითვალისწინონ წინასაარჩევნო გარემო და სიფრთხილით მოეკიდონ ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს, ვინაიდან ყოველი მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს დემოკრატიულ პროცესებს.

მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდება უარყოფითად აისახება არამარტო საარჩევნო პროცესზე, არამედ ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას და შუღლის დათესვას", - წერია განცხადებაში. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიასთან დაკავშირებით კახა კალაძის გუშინდელი განცხადება დაგმო და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით ჟურნალისტებზე თავდასხმა არ წაახალისოს. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, მთავრობამ​ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე საუბარი უნდა შეწყვიტოს და საქმიანი ურთიერთობების რეჟიმზე უნდა გადავიდეს. 


close დახურვა