პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებსა და ქართული ოცნების წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
18 ივლისს, ქალი დეპუტატების მიმართ ძალის გამოყენებაზე საუბრისას დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხატია დეკანოიძეს ასე მიმართა:
"თქვენი ნაციონალური მოძრაობის კაცები ამ ქალებს რომ წინ გიშვებენ, ასე რომ გერეკებიან ეგ არ არის დისკრიმინაცია?"
ქადაგიშვილის რეპლიკაზე დეკანოიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი "მძიმე მოსასმენია" და პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირებისკენ მოუწოდა, თუმცა კუჭავამ ასე უპასუხა:
"ის, რომ ქალი ხართ, გაქვთ უფლება შეაწყვეტინოთ სიტყვა? ხომ ყველა თანაბარი ვართ?" -თქვა კუჭავამ.
ბიუროს სხდომაზე კამათი დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგებლების შეშვება მოითხოვეს.
კუჭავამ არასამთავრობო ორგანიზაციების პარლამენტში არ შეშვება წესრიგის დაცვის მიზეზით ახსნა და თქვა, რომ დღეს უმნიშვნელოვანესი სხდომაა და ვერ დაუშვებენ, რომ ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა ჩაიშალოს.
18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურს მოსმენა იგეგმებოდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.
ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული.
ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.
ამის შემდეგ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
საბოლოოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში აღარ გაგრძელდა.