logo
ENG



წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის გამო გვარამიამ პროკურატურას მიმართა

23 ივლ 202115:04
3 წუთის საკითხავი
clock 2929

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის გამო მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურას მიმართა. როგორც გვარამია ამბობს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ერთდროულად ორი დანაშაული ჩაიდინა - ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. 

გენერალური პროკურატურის წინ გამართულ ბრიფინგზე გვარამიას ოთხი კრიტიკული ტელეკომპანიის მიკროფონი ეჭირა. მისი თქმით, წულუკიანის მიერ მთავარი არხის მიკროფონის წართმევა პირობითია და მის ნაცვლად შესაძლოა ნებისმიერი სხვა ყოფილიყო. 

"ის რაც მან გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. სრული ტყუილია, რომ ჩვენ ვშლიდით პრემიერას. სპექტაკლი დაწყებული არ იყო, ჩვენ ვიმყოფებოდით დარბაზში და გვინდოდა კომენტარი ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, იმ ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, რომლებზეც პარლამენტში კაცმა დეპუტატებმა იძალადეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარის ნაცვლად უკვე ქალმა იძალადა, ჩვენს ქალ ჟურნალისტზე და მთლიანად მედიაზე", -  განაცხადა გვარამიამ. 

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც 22 ივლისს სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, მთავარი არხის  ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ აღარ დაუბრუნებს.

ემა გოგოხიას თქმით, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა მიკროფონი წაართვა, ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ უთხრეს, რომ თეა წულუკიანს ვერ მიუახლოვდებოდნენ.

თეა წულუკიანის განცხადებითმთავარი არხის მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როცა "ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი".


close დახურვა