logo
ENG



ლექსო ლაშქარავას ცემის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

24 ივლ 202111:11
3 წუთის საკითხავი
clock 1191

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 ივლისს TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისის პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივი კონტრაქციის დროს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების განცხადებით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 29 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 25 პირი;
  • თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

ამ დროისთვის არ არიან დაკავებული ორგანიზატორები. 

5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქცის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, რა დროსაც 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფს, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას სირცხვილიას ოფისთან დაესხნენ თავს. ოპერატორი სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. 

ცემიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. შუალედური დასკვნის საფუძველზე ამბობს, რომ ოპერატორი ზედოზირებით დაიღუპა.  

მედიის წარმომადგენლებს, აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ზედოზირების ვერსიით ხელისუფლება პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს. კრიტიკული კითხვების საპასუხოდ კი ქართული ოცნების წარმომადგენლები მედიას "გარდაცვლილით სპეკულირებაში" ადანაშაულებენ.

ამავე თემაზე:


close დახურვა