logo
ENG

ხოშტარია პლაკატებზე: ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა, მნიშვნელობა არაა, ვინ რომელ პოზიციაზეა

24 ივლ 202119:06
3 წუთის საკითხავი
clock 309
ხოშტარია პლაკატებზე: ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა, მნიშვნელობა არაა, ვინ რომელ პოზიციაზეა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, დედაქალაქის ქუჩებში სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გაკვრას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პლაკატები, პირველ რიგში, საზოგადოების შეურაცხყოფაა.

ხოშტარიას შეფასებით, ქართული ოცნება საბჭოთა ტრადიციის მიხედვით, ადამიანებს უქმნის ზიზღის სამიზნეებს და ამით "ცდილობს ადამიანების ტვინით და ემოციებით მანიპულაციას ცდილობს".

"მინდა გამოვეხმაურო, იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაიწყო, როგორც კი ჩაეშვა წინასაარჩევნო კამპანია, ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში გააკრეს ზიზღის პლაკატები. პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების, ამომრჩევლის შეურაცხყოფა, მიუხედავად იმისა, თუ ვის როგორი პოლიტიკური პოზიცია აქვს.

ვხედავთ, რომ ეს სიძულვილის კამპანია აგრძელებს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმას, რასაც შეეწირა ადამიანის სიცოცხლე და დღემდე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ჟურნალისტები ჯერ კიდევ მკურნალობენ. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ დასაჯოს ყველა ორგანიზატორი, იმ წარმოუდგენელი ძალადობის, რაც მოხდა, ზიზღის ობიექტებად გამოაკრეს სწორედ ის ჟურნალისტები და იმ მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც თავად დაესხნენ თავს. ეს არის წარმოუდგენელი ცინიზმი, უსამართლობა და ქვეყნისთვის დამანგრეველი.

მთავარი სათქმელი არის ის, რომ ხალხის შეურაცხმყოფელი სიძულვილის თესვა არის საშიში, დამანგრეველი საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა

პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. კონკრეტული ადამიანები გამოსახულნი არიან ცისარტყელას ფონზე.

უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, სიძულვილის ენას წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტიურად იყენებს მმართველი პარტია და აღნიშნული პლაკატების გამოჩენასაც სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ.

close დახურვა