logo
ENG



შსს: ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის 6 პირი დავაკავეთ

25 ივლ 202110:42
3 წუთის საკითხავი
clock 1397
შსს: ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის 6 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავა.

დაკავებულები არიან: 1998 წელს დაბადებული დ.ს., 1998 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1990 წელს დაბადებული ლ.ხ., 2002 წელს დაბადებული ნ.ზ., 1981 წელს დაბადებული რ.ა. და 1994 წელს დაბადებული კ.ლ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, თანხის გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ 1993 წელს დაბადებულ დ.კ-ს, მასზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვეს თანხა და სხვა პირადი ნივთები, შემდეგ კი აღუკვეთეს თავისუფლება.

"მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა საგნით ახორციელებდნენ დ.კ.-ის წამებას, რის შემდეგაც ბრალდებული დ.ს.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გაიყვანეს ქალაქგარეთ, სადაც კვლავ იძალადეს მასზე, ხოლო მოგვიანებით თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიატოვეს.

პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს, ღამით, ბრალდებულები - ვ.ჯ. და კ.ლ. იგივე მოქალაქეს - დ.კ.-ს სახლიდან გასვლის დროს თავს დაესხნენ, ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მისი საცხოვრებელი ბინიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მობილურ ტელეფონებს, მაჯის საათს და საფულეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შეტყობინების მიღებისთანავე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, დაიკითხა როგორც დაზარალებული, ასევე, სხვა პირებიც, დაინიშნა ექსპერტიზები, ჩატარდა ამოცნობები, რა დროსაც დაზარალებულმა დ.კ.-მ მის მიმართ განხორციელებული თავდასხმაში მონაწილე ექვსივე პირი ამოიცნო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" პუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 178-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა