logo
ENG



ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ გია გიგუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

26 ივლ 202113:02
3 წუთის საკითხავი
clock 1608

ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ მე-6 პირს, გია გიგუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

საქმეზე შემდეგი წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბერს ჩაინიშნა.

გიგუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით); 156-ე მუხლის მე-2 მუხლის (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) აქვს წარდგენილი. 

სასამართლო სხდომაზე მან ბრალი ნაწილობრივ, 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში აღიარა.

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ხუთი პირი. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.  

5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქცის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, რა დროსაც 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფს, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას სირცხვილიას ოფისთან დაესხნენ თავს. ოპერატორი სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. 

ცემიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. შუალედური დასკვნის საფუძველზე ამბობს, რომ ოპერატორი ზედოზირებით დაიღუპა.  

მედიის წარმომადგენლებს, აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ზედოზირების ვერსიით ხელისუფლება პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს. კრიტიკული კითხვების საპასუხოდ კი ქართული ოცნების წარმომადგენლები მედიას "გარდაცვლილით სპეკულირებაში" ადანაშაულებენ.

ამ დრომდე არ არიან დაკავებული აქციის ორგანიზატორები. 


close დახურვა