logo
ENG



აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

30 ივლ 202108:03
3 წუთის საკითხავი
 

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი სახლში იქნა ნაპოვნი, თუმცა გარდაცვალების ვერსიად შენობიდან გადმოვარდნაც ვრცელდება.

ბლოგერის ახლობელი არ გამორიცხავს, რომ ბახიკანოვის სიკვდილი აზერბაიჯანის მთავრობის ინტერესებს უკავშირდებოდეს. ავთანდილ მამედოვი პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა.

მამედოვის თქმით, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ბახიკანოვი უყვებოდა, რომ თბილისში ჩხუბი მოუვიდა აზერბაიჯანელების ჯგუფთან და ვარაუდობდა, რომ ეს ხალხი აზერბაიჯანის მთავრობამ მიუგზავნა. მისივე თქმით, ბლოგერი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, რადგან აზერბაიჯანის მთავრობა მას სდევნიდა და სამშობლოში დაკავებულიც იყო.

„12 ივლისს თავისუფლების მოედანზე ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც პოლიციაშიც იყო გამოკითხვაზე. ორი დღის შემდეგ ის გარდაცვლილი იპოვეს. მან გარდაცვალებამდე მითხრა, რომ პირები, ვისთანაც კონფლიქტი მოუვიდა, აზერბაიჯანის მთავრობისგან იყვნენ მიგზავნილები. მეც ვფიქრობ, რომ რადგან საქართველოში და სხვა ქვეყნებში აზერბაიჯანელ ჟურნალისტებზე თავდასხმა ხშირად ხდება, ჰუსეინ ბაკიხანოვი აზერბაიჯანის მთავრობის მიერ არის მოკლული", - ამბობს მამედოვი.

მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლიც და ქართულ მედიას დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მუხთარლის ინფორმაციით, ბახიკანოვს აზერბაიჯანული პოლიცია სდევნიდა.

„12 ივლისს აზერბაიჯანელთა ჯგუფმა სცემა თბილისში მცხოვრები ემიგრანტი, რომელსაც აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა. ჰუსეინმა პოლიციას და სამედიცინო შემოწმებას მიმართა. თუმცა, სამედიცინო შემოწმებამ უარი თქვა შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე. ერთი კვირის განმავლობაში არ იყო სიახლე ჰუსეინისგან.

ჰუსეინ ბაკიხანოვი დააკავეს 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს. მას 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი პოლიციამ აწამა. მან ასევე თქვა, რომ მას პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებაზე. თბილისში ყოფნისას ის მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას, აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე", - წერს მუხთარლი Facebook-ზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


close დახურვა