logo
ENG



ნინოწმინდის პანსიონი დაჯარიმდა, რადგან მთავარეპისკოპოსმა ბავშვების ვიდეოები გაასაჯაროვა

09 აგვ 202110:09
3 წუთის საკითხავი
clock 1927

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვანთა აუდიო-ვიდეო ჩანაწერების კანონის დარღვევით გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ფეისბუქის საშუალებით, გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა. 

ინსპექტორის განცხადებით, შემოწმებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 ივნისს პანსიონატის ხელმძღვანელმა თავის პირად Facebook გვერდზე, პირდაპირ რეჟიმში, საჯაროდ განათავსა რამდენიმე აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლებშიც ასახული იყვნენ პანსიონატის არასრულწლოვანი ბენეფიციარები. ჩანაწერები სრულად იძლეოდა არასრულწლოვნების იდენტიფიცირების საშუალებას.

ჩანაწერებში საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო არასრულწლოვნების სხვადასხვა მონაცემები: სახელი, გვარი, ვიზუალური გამოსახულება, ხმა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ინფორმაცია პანსიონატის მზრუნველობის ქვეშ ბავშვის ყოფნისა და არსებული/სასურველი საცხოვრებელი ადგილ(ებ)ის შესახებ, მათი ახლო ნათესავების ვინაობა და ტელეფონის ნომრები.

აუდიო-ვიდეო ჩანაწერებმა, რომლებიც Facebook-ზე საჯაროდ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული, დააგროვა ათი ათასობით ნახვა, ასეულობით კომენტარი და ათასობით რეაქცია. ამავდროულად, სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე საკუთარი აზრის დაფიქსირების, ამ ჩანაწერების საკუთარ გვერდზე გაზიარებისა და გადაწერის შესაძლებლობა.

სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პანსიონატის მიერ ბენეფიციარების მონაცემთა ამ ფორმით გასაჯაროება არღვევს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ლახავს მათ ღირსებას და ქმნის არასრულწლოვანთა ჩაგვრის, ე.წ. „ბულინგის“ (მათ შორის კიბერბულინგის), დისკრიმინაციის, ონლაინადევნების, მსხვერპლად გახდომის, მათდამი არასათანადო მოპყრობისა და სხვის მიერ ბავშვების პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გამოყენების რეალურ საფრთხეს.

ეს საფრთხეები კიდევ უფრო იზრდება ინფორმაციის სოციალური მედიით გასაჯაროებისას, რომლის საშუალებით ინფორმაციის გავრცელების მასშტაბები ძალიან დიდი და შეუქცევადია.

2021 წლის მაისი-ივნისის თვეებში პანსიონატის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და იქ მცხოვრები ბენეფიციარების უფლებრივი მდგომარეობის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო. ზოგიერთ შემთხვევაში, საჯარო განცხადების სახით გასაჯაროებული (მათ შორის, პერსონალური მონაცემების შემცველი) ინფორმაცია შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ინტერესების დაცვის კანონიერ და პროპორციულ საშუალებად, თუმცა ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა სხვა დანარჩენ ინტერესებთან შედარებით, აღიარებულია როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით. შესაბამისად, პანსიონატის წარმომადგენელს, რომლის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა ბავშვების უფლებების დაცვა და განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა არასრულწლოვანთა საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობის დაცვაში, უნდა შეეფასებინა ზემოაღნიშნული საფრთხეები. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინსპექტორი აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა მონაცემების (მათი ვინაობის, ვიზუალური გამოსახულების, ხმის, ემოციური მდგომარეობის, პანსიონატის მზრუნველობის ქვეშ ბავშვის ყოფნისა და არსებული/სასურველი საცხოვრებელი ადგილ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, ახლო ნათესავების ვინაობის, ტელეფონის ნომრების) შემცველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროება სახელმწიფო ინსპექტორმა არ მიიჩნია კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პანსიონატის ინტერესი - დაეცვა დაწესებულების რეპუტაცია.

ინსპექტორისვე განცხადებით, შემოწმების პროცესში პანსიონატმა მათთან არ ითანამშრომლა. კერძოდ, სამსახურს არ მოაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. 

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატს არასრულწლოვანთა მონაცემების არაპროპორციული მოცულობით გასაჯაროებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 53-ე მუხლების პირველი პუნქტების საფუძველზე, დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა.


close დახურვა