logo
ENG



სირცხვილია: პროკურატურამ ჩვენს აქტივისტებს დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა

10 აგვ 202120:57
3 წუთის საკითხავი
 
სირცხვილია: პროკურატურამ ჩვენს აქტივისტებს დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა

მოძრაობა სირცხვილის განცხადებით, პროკურატურამ უარი თქვა მათი აქტივისტები დაზარალებულად ეცნო. როგორც მოძრაობაში განმარტავენ, 5 ივლისს ოფისზე თავდასხმის მომენტში მარიამ დოლიძე, ზუკა ბერძენიშვილი, სალომე ბარკერი და გიგა მაქარაშვილი ოფისში იყვნენ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, კარის შემტვრევასა და ოფისში შეღწევას ცდილობდნენ.

"პროკურორმა უარი შემდეგნაირად დაასაბუთა: საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად არ დასტურდება, რომ უშუალოდ აღნიშნული პირები [სირცხვილიას წევრები] წარმოადგენდნენ დანაშაულებრივი ქმედებების ადრესატებს. პროკურორის უარი 5 ივლისის საქმეში სირცხვილიას წევრების ინტერესების უგულებელყოფის პირველი ფაქტი არ არის. ოფისზე თავდასხმის შემდეგ, გამოძიება აქტივისტების ჩვენებით არც კი დაინტერესებულა. მარიამ დოლიძის, ზუკა ბერძენიშვილის, სალომე ბარკერისა და გიგა მაქარაშვილის გამოკითხვა მხოლოდ მათი წერილობითი მოთხოვნის შემდეგ მოხდა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

5 ივლისს თბილისის საწინააღმდეგო ძალადობრივი კონტრაქციის წევრები სირცხვილიას ოფისს დაესხნენ თავს და იმ შენობაში შეიჭრნენ, სადაც ეს შენობა არის განთავსებული. ჯგუფს ოფისის თავდასხმისკენ კონსტანტინე მორგოშიამ მოუწოდა. 

შენობაში შეჭრისას ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ოფისში ვერ შეაღწიეს, თუმცა სასტიკად სცემეს TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 

ამ დრომდე 5 ივლისის ძალადობრივი აქციის რამდენიმე მონაწილეა დაკავებული. მათ შორის არ არიან ორგანიზატორები, რომლებიც ხალხს დარბევისკენ მოუწოდებდნენ. 

 


close დახურვა