logo
ENG



"თქვენნაირების საბლატაო სად არის" - ტრანსგენდერ ქალს შეურაცხყოფა მიაყენეს

11 აგვ 202117:05
3 წუთის საკითხავი
clock 2692
"თქვენნაირების საბლატაო სად არის" - ტრანსგენდერ ქალს შეურაცხყოფა მიაყენეს

ტრანსგენდერ ქალს, მადონა კიპაროიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მადონა გვიყვება, რომ შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. 

"ბევრნი იყვნენ, მაგრამ მათგან ორი განსაკუთრებით აგრესიული იყო. მაგინებდნენ. თქვენნაირების საბლატაო არ არისო. ხო დაგარბიეს და დედა მ***სო. შემეშინდა, არ ვეცემე და გამოვერიდე. პოლიციაც გამოვიძახე. მათ პოლიციელებს უთხრეს, ზედმეტი არაფერი გვითქვამსო, ჩვენ ქართულ სამართალს ვასრულებდითო. ქართული სამართალი რას ნიშნავს, თალიბანია თუ რა არის?" - თქვა ტრანსგენდერმა ქალმა. 

მადონა ამბობს, რომ ტრანსგენდერი ქალისთვის ქუჩაში სიარული უსაფრთხო არც მანამდე იყო, თუმცა, 5 ივლისის შემდეგ ყველაფერი ბევრად საშიში გახდა. 

"შეიძლება ადრე ჩაეჩურჩულებინათ რაღაც, მაგრამ ახლა პირდაპირ მოდიან და გვიყვირიან. ყველაფერს 5 ივლისს ვუკავშირებ. ეგ დღე რომ არა, ესენი ამდენს ვერ გაბედავდნენ. დიდი გული მიეცათ". - თქვა მან. 

მადონა კიპაროიძე ამ წუთებში პოლიციაში ჩვენებას აძლევს.

საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან. ისინი მუდმივად ხდებიან აგრესიის და თავდასხმის მსხვერპლები. ამასთან, წართმეული აქვთ განათლების და ღირსეული სამუშაოს უფლება.  


close დახურვა