დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვაქცინაცია კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებასთან კავშირშია და რაც უფრო მეტი აუცრელი ადამიანი იქნება, მით მეტი ახალი მუტაციური შტამი გაჩნდება.
"რაც მეტი აუცრელი ადამიანი იქნება დედამიწაზე, მით მეტი შანსია იმის, რომ გამოჩნდეს კიდევ ახალი მუტანტი შტამები, მუტაციები. რა თვისებების იქნება ეს შტამები, ამის წინასწარ თქმა ძალიან ძნელია", - ამბობს ის.
რაც შეეხება საქართველოში ეპიდვითარების პროგნოზს და სკოლის დაწყების თარიღს, მისი თქმით, ამ საკითხზე წინასწარ საუბარი რთულია.
"მე ახლა ძალიან გამიჭირდება თქმა, რა მოხდება სკოლის დაწყებისათვის. იმისათვის, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, ყველა მასწავლებელი უნდა იყოს აცრილი. არა თუ მასწავლებელი, არამედ მთელი პერსონალი სკოლის. იმისათვის, რომ უმაღლესი იყოს უსაფრთხო, ყველა სტუდენტი და პროფესურა, უნდა იყოს აცრილი. ბავშვებმა, ვინც მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, იციან, რომ ყველას უწერია, რომ არ მიიღებენ კამპუსებში, თუ არ იქნებიან აცრილები. იმედი მაქვს, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლებიც გაითვალისწინებენ ამას", - თქვა პაატა იმნაძემ.
13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 359 შემთხვევა გამოვლინდა, 42 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯამურად ჩატარდა 741 353 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი.
