ბელარუსი აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმს საქართველოში გამოექცნენ, სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის გაფორმებული შეთანხმების ძალაში შესვლის გამო შეშფოთებულები არიან.
ისინი ფორმულასთან ამბობენ, რომ მათ შორის შიშმა დაისადგურა - ისინი ფიქრობენ, რომ შეთანხმების საფუძველზე შესაძლოა მათი ექსტრადირება მოხდეს.
შეთანხმებაში, რომელიც 2016 წლის აგვისტოში გაფორმდა და 2021 წლის 1-ლ აგვისტოს ამოქმედდა, ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა ითანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში.
დოკუმენტის მიხედვით, მისი მიზანია მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, კორუფციის, ექსტრემიზმის და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.
საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი ბელარუსი აქტივისტები ამბობენ, რომ შესაძლოა, ისინი ბელარუსს ნებისმიერი გამოგონილი საბაბით გადასცენ.
"სპეციალური შეთანხმება დიდი შეცდომაა. არ შეიძლება თანამშრომლობა ლუკაშენკოსთან და კგბ-ის ხელმძღვანელთან, რომლებიც სანქცირებულები არიან ევროპასა და აშშ-ში. შიშმა დაისადგურა ადამიანებში, რომლებიც პოლიტიკურ რეპრესიებს საქართველოში გამოექცნენ. ეს შიში ლეგიტიმურია. ყოველდღე მედიაში ვისმენთ მუქარას, რომ გვიპოვიან, ყველგან მოგვაგნებენ. შეთანხმებაში წერია, რომ ისინი მოახდენენ ექსტრემიზმის პრევენციას. შესაძლოა, ამ გამოგონილი საბაბით ბელარუსმა ჩვენი ექსტრადირებაც მოითხოვოს". - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
"ჩემი იუთუბ არხით მოქალაქეებს ვუყვები, რა ხდება ბელარუსში რეალურად. სწორედ ამის გამო რეჟიმისგან რეპრესიების მსხვერპლი გავხდი. ძალიან დიდი იყო ზეწოლა. სწორედ ამიტომ, გამოგონილი ბრალდებით დაკავების შიშით ბელარუსი დავტოვე. რაც შეეხება შეთანხმებას - ამ ტიპის შეთანხმებები ევროკავშირის ქვეყნებმა გააუქმეს არალეგიტიმური არჩევნების შემდეგ და სამწუხაროა, რომ მას საქართველო ახლა აფორმებს". - თქვა სხვამ.
ბელარუსში ოპოზიციონერ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე რეპრესიები ერთ წელზე მეტია, ხორციელდება.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ქვეყანაშ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია და მოქალაქეები არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ.
აქციებზე დააკავეს ათობით ათასი ადამიანი. მოკლეს, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი. ქვეყანა დატოვა ათობით აქტივისტმა და ჟურნალისტმა.