Facebook-ის განცხადებით, თავის პლატფორმებზე ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანისა და მის მხარდამჭერ კონტენტს კრძალავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ ჰყავთ ავღანელი ექსპერტები, რომლებიც მსგავსი კონტენტის გამოვლენასა და წაშლაზე იზრუნებენ.
წლების განმავლობაში თალიბანი თავისი იდეებისა და მიმართვების გასავრცელებლად სოციალურ ქსელებს იყენებდა.
"თალიბანს, როგორ ტერორისტულ ორგანიზაციას, აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისად სანქციები აქვს დაწესებული, და სახიფათო ორგანიზაციების პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ შევუზღუდავთ ჩვენს სერვისებზე წვდომად. ეს ნიშნავს, რომ წაიშლება ანგარიშები, რომელსაც მართავენ თალიბები ან მათი სახელით იმართება, ასევე, იკრძალება მათი მხარდაჭერა, ქება და წარდგენა", - განაცხადა BBC-სთან Facebook-ის წარმომადგენელმა.
კომპანიაში დააზუსტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელდება ყველა პლატფორმაზე, მათ შორის Instagram-სა და WhatsApp-ზე.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანი 15 აგვისტოს შევიდა, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კი ქვეყანა დატოვა.
მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.