logo
ENG



ექიმი კოვიდით გარდაცვლილ ორსულზე: სამწუხაროდ, არ იყო აცრილი და ამან ცუდი როლი ითამაშა

18 აგვ 202114:42
3 წუთის საკითხავი
 
ექიმი კოვიდით გარდაცვლილ ორსულზე: სამწუხაროდ, არ იყო აცრილი და ამან ცუდი როლი ითამაშა

ბოკერიას სახელობის კლინიკური დირექტორის, ალექსი ვაჩაძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი ორსული აცრილი არ იყო. 

როგორც ვაჩაძე აღნიშნავს, თავდაპირველად ქალის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა 13 აგვისტოდან ის დამძიმდა. 

"სამწუხაროდ, ქალბატონო არ იყო აცრილი და ამან თავისი საქმე გააკეთა, ცუდი როლი ითამაშა. თავდაპირველად, შემოსვლისას, შეფასდა როგორც სტაბილური მიმდინარეობა, მაგრამ დელტა შტამი აგრესიულობით გამოირჩევა ფეხმძიმეებში. რაღაც დროის განმავლობაში შეინიშნა, რომ მას გაუჭირდა სუნთქვა და გახდა ჟანგბადდამოკიდებული. 12 აგვისტოს რეალურად დაგვიდგა საჭიროება, რომ გოგონას დავხმარებოდით ხელოვნური ვენტილატორით. რამდენიმე დღე მოხდა დასტაბილურება, მაგრამ სამწუხაროდ, 13 აგვისტოს გადავიდა რეანიმაციაში და ვერანაირად ვერ მოხერხდა მისი სტაბილურობის გამყარება", - ამბობს ვაჩაძე.

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი 7 თვის ორსული დღეს გარდაიცვალა. ის მეხუთე ფეხმძიმეა, რომელიც ვირუსს ემსხვერპლა. 

საქართველოში ორსულების აცრა ფაიზერის ვაქცინითაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ფაიზერის ვაქცინა უსაფრთხოა ფეხმძიმეებისთვის.

18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.

 

close დახურვა