logo
ENG



ადვოკატის თქმით, ბექაური და ტალახაძე შესაძლოა ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ

18 აგვ 202117:02
3 წუთის საკითხავი
clock 1990
საქართველოს მთავრობა

ადვოკატის თქმით, დაკავებულ ზვიად ზვიადაურს შესაძლოა თავდებში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე ჩაუდგნენ. ლაშა ბექაური ზვიად ზვიადაურის ნათლულია. 

ტარიელ მურმანიშვილი ამბობს, რომ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და სასამართლოში გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებენ. 

"ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც დაუდგებიან თავდებში, წარვუდგენთ სასამართლოს. ვიცი, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები არიან მზად", - თქვა ადვოკატმა და დაამატა, რომ მხოლოდ ლაშა ბექაურს არ გულისხმობს. 

"ალბათ, ლაშა ტალახაძეც იქნება მზად", - თქვა მურმანიშვილმა. 

ფორმულა დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს. 

ზურაბ ზვიადაურს წინანდლის ტყეში განზრახ მკვლელობას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალდება წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

გამოძიების ვერსიით, სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი. 

გამოძიების თანახმად, 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ. დაიჭრა. პროკურატურის ინფორმაციით, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი.

ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ჯანგირაშვილის - 3 წლამდე პატიმრობა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ზვიადაური მხოლოდ აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა. 


close დახურვა