თელავის რაიონულ სასამართლოში ოლიმპიური ჩემპიონის, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე ადვოკატებმა 50 ათას ლარის ოდენობის გირაოს შუამდგმლობა დააყენეს. გარდა ამისა, დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ზვიადაურს თავდებში უდგებიან ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ასევე ძიუდოისტები ავთო ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.
თავად ზვიადაურმა პროცესზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს:
"თავს არ ვცნობ დამნაშავედ, მანდ რაც წერია, ასე არ იყო... დანარჩენს ადვოკატები იტყვიან", - თქვა ზვიადაურმა.
გამოძიების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ. დაიჭრა. პროკურატურის ინფორმაციით, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი.
ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ჯანგირაშვილის - 3 წლამდე პატიმრობა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ ზვიადაური განზრახ არ მოქმედებდა და მხოლოდ აუცილებელი მოგერიების მოტივით ისროდა.